დღეს თბილისის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების სხდომაზე თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 217 მილიონ 580 ათასი ლარით გაიზრდება და მისი მოცულობა მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრება. დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების გარდა, ორი კომისიის წევრებს, მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ რამდენიმე საკითხი წარუდგინა. მათ შორის, საკრებულოს წევრებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეათანხმეს; თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცეს. დღესვე ორი კომისიის წევრებმა ზონალური ცვლილებების თაობაზეც იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განმარტებით, კომისიაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.