21 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, გორგასლის ქუჩაზე არსებული სამშენებლო ობიექტის დასრულების მიზნით, გამოყენებული ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ რიგი სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე იმსჯელეს.
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა. დღესვე საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებებიც დაამტკიცეს.
დეპუტატებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.