თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილება ბიუჯეტში სახელმწიფო ტრანსფერის ხარჯზე განხორციელდა. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ტრანსფერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
გარდა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებისა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. მათ შორის, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. ასევე, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს და რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი პროექტები დაამტკიცეს.
საკითხები, რომლებსაც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს.