თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ,,თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით“, პროექტის განსახორციელებლად სესხის აღებისა და ამავე პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხის განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე კომისიის წევრებმა ქონების მართვის სააგენტოს თამარ მათითაშვილს მოუსმინეს და თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარისა და უზურფრუქტის ფორმით გადაცემას თანხმობა მისცეს.
დეპუტატებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ვეძისი, დიდგორი და თელოვანის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.