თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის ინიციატივით, დედაქალაქში ენერგოდისტრიბუტორი კომპანიების - შპს “თელმიკოსა” და სს “თელასის” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი აღნიშნული კომპანიების მუშაობის სპეციფიკას, ვალდებულებებს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების, ეკოსერვის ჯგუფის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ქონების მართვის სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით “თელასის” ქსელების მდგომარეობა მოსაწესრიგებელია და აუცილებელია, რომ კომპანიამ მათი გამოსწორების ვალდებულება აიღოს. რევაზ სოხაძის განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ქალაქში არაერთ პროექტს ახორციელებს და საქმიანობის გაადვილების მიზნით, თელასისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა აუცილებელია.
„ჩვენი ქალაქის ინტერესები დაცული უნდა იყოს. ამისათვის, მნიშვნელოვანია ყველა იმ კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობა, რომლის გამართული მუშაობაც თვითმმართველობის მიერ განსახორციელებელი პროექტებისთვის აუცილებელია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ქალაქის საქმიანობის გაადვილებაა, რათა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები ოპერატიულად განხორციელდეს“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და პერმანენტულად მსგავსი შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ.