თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და კომპანიის ობიექტების მუშაობას გაეცნენ.
რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რომ თბილისის მოსახლეობამ მაღალი ხარისხის წყალმომარაგება მიიღოს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ და ოპერატიული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს კომპანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობა გააცნეს. მათ თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
დეპუტატები ღრმაღელის სადგურში იმყოფებოდნენ, სადაც საფილტრე ნაგებობა და ქიმიურ-ბიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორია დაათვალიერეს. გარდა ამისა, საკრებულოს წარმომადგენლები სასწავლო ცენტრშიც მივიდნენ, სადაც კომპიუტერული, წყალმომარაგება/წყალანირების საინჟინრო, წყლის მიწოდების და ხარისხის კონტროლის, ასევე შრომის უსაფრთხოების ლაბორატორიების და ტრენინგ-ცენტრის მუშაობას გაეცნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ახორციელებს.
საკრებულოს წევრებმა მისაქციელის წყალსადენი და ბოდორნაჰესი, ასევე საგურამოჰესი, ჟინვალის წყალსაცავი და ნატახტრის წყალსადენი დაათვალიერეს.