დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ვაკე (დელისის) ოლქის მაჟორიტარმა წევრმა გოჩა ბაბუნაშვილმა მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა დედაქალაქის საკრებულოს სხდომებში, ბიუროებსა და კომისიებში მონაწილეობის სტატისტიკა წარმოადგინა და საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაზე, მიღება და შესრულების კონტროლზე, ასევე ამომრჩევლებთან ურთიერთობასა და სხვა სახის აქტივობებზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრმა ანგარიშის წარდგენისას “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის’’ დამტკიცების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებზე ამხანაგობის პროცენტული მონაწილეობა 15%- დან 10% - მდე შემცირდა. ამასთან, ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობების გამაგრებისთვის გამოყოფილი დაფინანსება არსებული 10000 ლარის ლიმიტიდან 100000 ლარამდე იზრდება, რაც აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საშუალებას უფრო მეტ ბინათმესაკუთრეს მისცემს.
გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომებზე ასევე განიხილებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც ავტობუსების (M3კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებას ეხებოდა.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამ მგზავრთა გადაყვანის დროის შემცირებას შეუწყო ხელი და მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურეობის ხარისხი გააუმჯობესა.
მისივე თქმით, ამომრჩეველთა თხოვნით და თვითმმართველობის მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში ვაკის რაიონში ოცამდე სკვერი მოეწყო. ასევე მოწესრიგდა შიდა კვარტალური ეზოები, დაიგო ასფალტის საფარი, შეკეთდა ორმოულები, განხორციელდა ქვაფენილების მოწყობის სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა და გაკეთდა სოფელ თხინვალასა და აგარაკებში მისასვლელი გზები.
ასევე განხორციელდა რამდენიმე ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება. ზოგიერთ მისამსართზე კი მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
გოჩა ბაბუნაშვილმა გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა დიღმურასა და ბარათაშვილის ხიდებს, ასევე განხორციელდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ მიმავალი უმოქმედო გზაგამტარის რეკონსტრუქცია.
,,ახლა მთავარია, უმოკლეს ვადებში დასრულდეს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქში საცობებს შეამცირებს და მოქალაქეებისათვის თავისუფალი გადაადგილების გარანტი იქნება’’,-განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
გოჩა ბაბუნაშვილმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი-ესტაკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ოპერატიულად აღდგა ელბაქიძის აღმართზე ჩამოშლილი კედელი, ხოლო ვერეს ხეობა უკვე რეაბილიტირებულია და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ქალაქის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგება.
დეპუტატმა საკუთარ ანგარიშში ყურადღბა წყნეთი-თბილისის საავტომობილო გზის მშენებლობაზეც გაამახვილა და ამასთან აღნიშნა, რომ და აუცილებლად გაგრძელდება შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებული სამუშაოები.
მანვე მოსახლეობას საახალწლოდ თბილისის ანძაზე ახალი ე.წ „ლედ ტიპის“ სანათების დამონტაჟების თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია. დეპუტატმა დეტალურად ისაუბრა თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მიღებულ წესზე, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად, რაც უზრუნველყოფს თბილისის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების ჩამოყალიბებას, გრძელვადიანი ქალაქმშენებლობითი სტრატეგიის განსაზღვრას და ტერიტორიების სამშენებლო განვითარების მართვის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას.
დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა ახალ ინციატივას, რომელიც გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის, მტკვრის კალაპოტის აუზში მდებარე 518012 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ახალი სარეკრეაციო ტურისტულ-დასასვენებელი ზონის მოწყობის საპროექტო წინადადების შემუშავებას გულისხმობს.
საკრებულოს წევრმა დღესვე სამაჟორიტარო ბიუროს საქმიანობაზე ისაუბრა და მოქალაქეთა, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებების წერილებისა და განცხადებების სტატისტიკა წარმოადგინა.
მისი თქმით, სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუფინანსდათ სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო გამოკვლევა და მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე გაეწიათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. მოქალაქეთა წერილების უმეტესობა შიდაკვარტალური გზების, ეზოების, სკვერების, ბავშთა სპორტული მოედნების მოწყობას, ქალაქის სანიტარულ დასუფთავებას, მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვას, მოქალაქეთა საბინაო, სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა.
დეპუტატმა მოსახლეობას საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის მუშაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 785 წერილიდან 98.5% სრულადაა შესრულებული.