თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ-გოჩა ბაბუნაშვილმა დედაქალაქისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის საცობების პრობლემის აღმოფხვრის გზებზე კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქში საცობებს შეამცირებს და მოქალაქეებსთვის თავისუფალი გადაადგილების გარანტი იქნება.
"დედაქალაქში გადატვირთული მოძრაობის აღმოფხვრის მიზნით ხელისუფლება აქტიურ რეჟიმში მუშაობს. მათ შორის, მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ძველი რკინიგზის გადატანა და შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც ქალაქს მტკვრის მეორე სანაპიროს განვითარების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ვერეს ხეობას, დღეს დამატებით გაიხსნება აღნიშნული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და სექტემბრის ბოლოსთვის ქალაქის ამ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგება. ეს კი მოსახლეობას გადაადგილებას გაუადვილებს’’,-განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
მისივე თქმით, თანამოქალაქეების თავისუფლად და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებელია ისეთი პროექტების გათვალისწინება, როგორებიცაა ვეფხის და მოყმის ძეგლთან მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდისა და პანდუსების მშენებლობა.