საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
შემოქმედებითი საღამო სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით შედგა.
საიუბილეო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა, მან რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა და თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის შემოქმედებით დასს წარმატება უსურვა.
„მოხარული ვარ, დღეს საკრებულოში ვუმასპინძლოთ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს თეატრი უკვე ნახევარი საუკუნეა იქცა უნიკალურ თეატრალურ სივრცედ, სადაც მრავალი საინტერესო დადგმა განხორციელდა. თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც მზად არის შეუწყოს ხელი თეატრის დასს და მის ადმინისტრაციას, რათა მის სცენაზე გაგრძელდეს თეატრალური ცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 1973-1974 წლებში თბილისში რეჟისორმა და დრამატურგმა სანდრო მრევლიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა საბჭოთა კავშირში პირველი სახელმწიფო ახალგაზრდული სივრცე - „მეტეხის თეატრი“. ის განთავსებული იყო მეტეხის ტაძარში. 1989 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა და თეატრმა ტაძარი ეკლესიას დაუბრუნა. 1995 წლიდან „მეტეხის თეატრმა“ თეატრ „ძველი სახლის“ შენობაში გააგრძელა მოღვაწეობა.
2004 წელს, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, სანდრო მრევლიშვილის ინიციატივითა და პროექტით, ლეონიძის ქვედა ბაღში დაიდგა უნიკალური თეატრალური კონსტრუქცია „გლობუსი“ და „მეტეხის თეატრის“ შემოქმედებითი გამოცდილების გათვალისწინებით დაარსდა ახალი თეატრი „გლობუსი“. თეატრის დასი ახალგაზრდა მსახიობებით შეივსო. თეატრი „გლობუსი” წარმოადგენდა უნიკალურ თეატრალურ სივრცეს, რომელიც გასცდა ტრადიციულ თეატრალურ ჩარჩოებს, განხორციელდა საინტერესო დადგმები, შედგა თეატრის ორიგინალური რეპერტუარი.
2007 წელს, მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მოტივით თეატრ „გლობუსში“ შემოქმედებითი პროცესი შეჩერდა, თეატრი დაიხურა და შენობა განადგურდა.
2014 წელს, საქართველოში პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემდეგ, თეატრმა თბილისის მერიის მხარდაჭერით მუშაობა განაახლა.
2021 წლის 28 იანვარს თეატრალური საზოგადოების ინიციატივით და თბილისის მერის, კახა კალაძის, განკარგულებით, თეატრს მისი დამაარსებლის და სამხატვრო ხელმძღვანელის, სანდრო მრევლიშვილის, სახელი მიენიჭა.
თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 50 წლის მანძილზე შეგროვებული უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც ასახავდა თეატრის ისტორიას „მეტეხის თეატრიდან“ მოყოლებული დღემდე.
ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილ თეატრალებს და ერთ ახალგაზრდა რეჟისორს სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიებას აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სანდრო მრევლიშვილის ოჯახისა და თეატრალური საზოგადოების წევრები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ.