საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით, დედაქალაქში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის, მემორიალური დაფა გაიხსნა.
იასონ ლორთქიფანიძე 1919-1921 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. იასონ ლორთქიფანიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი კომისიის წევრი და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელი; სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის; სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სამშობლოს დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ 1917 წლიდან გარდაცვალებამდე (1949 წ.), იასონ ლორთქიფანიძე სახელმწიფო ბანკის ისტორიული შენობის მიმდებარედ, სწორედ ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც დღეს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან, ერთად გახსნა.
„სიმბოლურია, რომ დღეს, 23 მაისს, თბილისში, ქალაქის გულში, ფურცელაძის ქუჩაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულში იასონ ლორთქიფანიძის მემორიალურ დაფას ვხსნით. დღეს ჩვენ რომ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ, ეს სწორედ ისეთი დიდი მოაზროვნეებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურებაა, როგორიც იასონ ლორთქიფანიძე იყო. უდიდესია მისი ღვაწლი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლების არაერთ ეროვნულ წამოწყებაში და ეს მემორიალური დაფა არის ის მცირედი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად. სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას და სკვერს უახლოეს პერიოდში იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება“, - თქვა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩისთვის იასონ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების საკითხს დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განსახილველად უახლოეს დღეებში გაიტანენ.
მემორიალური დაფის გახსნას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ასევე იასონ ლორთქიფანიძის შთამომავლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024ქეთევან დედოფლის გამზირზე ნუმერაცია და სამისამართე აბრების მონტაჟი განხორციელდება
თებერვალი 18,2022საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის შემადგებლობა განიხილეს
დეკემბერი 07,2021