09 მაისი 2022
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, მთარგმნელთან და პუბლიცისტთან ქეთევან ტომარაძესთან ერთად, თბილისის სომეხთა პანთეონში (ხოჯევანქში) იმყოფებოდა და თბილისელი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის საფლავს პატივი მიაგო. ცნობილი მხატვარი დღეს 80 წლის გახდებოდა.
„გაიანე ხაჩატურიანი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მასზე იწერებოდა სტატიები, იქმნებოდა დოკუმენტური ფილმები, გამოიცემოდა ბუკლეტები და კატალოგები. გაიანეს ნამუშევრები მრავალ ცნობილ მუზეუმსა და ხელოვნების მოყვარულთა კოლექციებს ამშვენებს. თბილისის „ხელოვნების სასახლისა“ და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციებში მხატვრის რამდენიმე ნამუშევარია დაცული. გაიანე ხაჩატურიანის შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემლის სახელით, მხატვრის ხსოვნის უკვდავსაყოფად, - ბაქოს ქ. N3ა სახლის ფასადზე, სადაც მხატვარი დაიბადა და ცხოვრების ძირითადი წლები გაატარა, თბილისის მერიისა და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით, მალე ორენოვანი მემორიალური დაფა განთავსდება“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
გაიანე ხაჩატურიანის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, ქეთევან ტომარაძემ აღნიშნა, რომ მხატვარი უზომოდ შეყვარებული იყო მშობლიურ ქალაქზე და ღრმად სწამდა, რომ თბილისის გარეშე შემოქმედებითად ვერ განვითარდებოდა, მის მხატვრობას სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, მძიმე ყოფით პირობებში მცხოვრებმა, თბილისი მაინც არ დატოვა. ქეთევან ტომარაძის განცხადებით, გაიანე ხაჩატურიანის ფენომენს დღესაც აქტიურად იკვლევენ მრავალ ქვეყანაში. მისი შემოქმედებით განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ დასავლეთის ქვეყნებში. ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები მაღალ შეფასებას აძლევენ გაიანეს ფერწერულ ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, საიდანაც სამყაროს ორიგინალური ხედვა გამოსჭვივის. ფერთა მდიდარი გამა და მხატვრის არაჩვეულებრივი ფანტაზია ვერავის სტოვებს გულგრილს.