19 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ნიჟარაძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ნოდარ ცინცაძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხი განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ ცინცაძე იყო გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსი, აკადემიკოსი, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი. ნოდარ ცინცაძემ 2018 წელს მეცნიერების დარგში უმაღლესი ჯილდო-ბრწყინვალების ორდენი მიიღო.
კომისიის წევრებმა ნოდარ ცინცაძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია გასცეს, რომელიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადეგზავნება.