18 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნიკო ნიკოლოზიშვილი, ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილი, 49-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი ანა ბედიაშვილი.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა და 49-ე და 176-ე სკოლების სახელდების საკითხების გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს აკაკი ჩხენკელის 150 წლისთავი გახლდათ და ამ თარიღს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მრავალი ღონისძიება მიუძღვნა. აკაკი ჩხენკელის სახელობის ქუჩა უკვე არსებობდა და გაიხსნა მისი სახელობის სკვერი, დაიდგა ბიუსტი და დიდი მოღვაწის საცხოვრებელ სახლზე განთავსდა მემორიალური დაფა. საქართველოს ფოსტამ კი შექმნა აკაკი ჩხენკელის სახელობის მარკა. 49-ე სკოლის სამეურვეო საბჭოსთან ერთად, სკოლის სახელდების საკითხში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობთ, იმ ადამიანის სახელი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, უნდა ერქვას მთაწმინდაზე 49-ე სკოლას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენის დიდი მოამაგის უკვდავსაყოფად 176-ე სკოლას მიენიჭოს აკაკი შანიძის სახელი. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე იმ მომავალი თაობისთვის, რომელიც ამ სკოლებში იზრდება", - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ამ პროცესში საკრებულოს ჩართულობა, რადგან სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი დიდი მამულიშვილის სახელის უკვდავყოფა და მომავალი თაობისთვის მათი დამსახურებების გადაცემა.
სსიპ ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა გაბინაშვილმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს გამოჩენილი ყურადღებისათვის და განაცხადა, რომ მისი სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელი კიდევ უფრო დიდი პატივი იქნება, რადგან ქართული ენა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სკოლაში აუცილებლად ღირსეული ახალგაზრდობა აღიზრდება.
როგორც სხდომაზე განაცხადეს, წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც საკითხი წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025