თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს.
ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო, რომლის განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 983 178,0 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 219 823,3 ათასი ლარით, ხოლო 2025 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 826 308,6 ათასი ლარი) შედარებით გაზრდილია 156 869,4 ათასი ლარით. განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ბიუჯეტი წარმოდგენილია შემდეგნაირად: განათლება - 261 539,9 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 39 294,0 ათასი ლარი.
როგორც კახა ლაბუჩიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში მობილიზებულია შესაბამისი ასიგნებები. მისი თქმით, მომდევნო წლებში თბილისში კიდევ უფრო მეტი მუზეუმი, თეატრი, ბიბლიოთეკა თუ შემეცნებით-საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გაიხსნება, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.