თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილის საფუძველზე ერვანდ ქოჩარის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხის შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს საქართველოში სომხეთის საელჩოს კონსულმა ევა აჰარონიანმა წარუდგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლაბუჩიძის, განცხადებით, კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში. თბილისის მერიის და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით კი არაერთი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა განთავსდა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, ერვანდ ქოჩარი ქ. თბილისში, პუშკინის №13-ში, ცხოვრობდა. ის იყო სახალხო მხატვარი, ფერწერული ტილოების, ქანდაკებისა და წიგნების ილუსტრაციების ავტორი. აღსანიშნავია, რომ ერევნის სახლ-მუზეუმში დღემდე ინახება მის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის ქანდაკება და ასევე მიმოწერა ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და დავით კაკაბაძესთან.
კომისიის წევრებმა ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფის განთავსების საკითხთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს. რეკომენდაციები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიაში განსახილველად გადაიგზავნება.