თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლების და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე ბერი გაბრიელ აღმსარებლის (ურგებაძე) და რეზო ამაშუკელის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხის შესახებ იმსჯელეს.
განათლებისა და კულტურის კომისიას ბერი გაბრიელ აღმსარებლის მემორიალური დაფის განთავსების თხოვნით ბერი გაბრიელის ოჯახის წევრმა მომართა. გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, მართლმადიდებელ ეკლესიაში — წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი, ქართველი სასულიერო პირი (არქიმანდრიტი) მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა და მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაიკრძალა.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის რეზო ამაშუკელის შესახებ ისაუბრეს, რომელიც იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, ასევე გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის პრემიების და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენის მფლობელი.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.
თბილისის მერიის და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით კი არაერთი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფის განთავსება განხორციელდა.
კომისიის წევრებმა ბერი გაბრიელ აღმსარებლის (ურგებაძე) და რეზო ამაშუკელის მემორიალური დაფების განთავსების საკითხთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიაში განსახილველად გადაიგზავნება.