თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის №33-89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ბიუჯეტი იზრდება 2 200,0 ათასი ლარით; სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის - 300,0 ათასი ლარით; ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელშეწყობის - 50,0 ათასი ლარით; ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის - 45,0 ათასი ლარით; პანტომიმის სახელმწიფო თეატრის - 42,0 ათასი ლარით; თბილისის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - 24,4 ათასი ლარით; სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის - 23,2 ათასი ლარით; სამეფო უბნის თეატრის - 21,7 ათასი ლარით; სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის - 610,0 ათასი ლარით; საკონცერტო ორკესტრის "ბიგ-ბენდი" - 35,6 ათასი ლარი; კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის პროგრამის - 438,1 ათასი ლარით; საჯარო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის - 14,0 ათასი ლარით; თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის - 21,5 ათასი ლარით. ასევე, მცირდება პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი" ასიგნებები - 150,0 ათასი ლარით.
განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს.