15 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე მერიის პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ავტორს, თბილისში მცხოვრებ ხელოვან ფატიმა თურმანიძეს ესტუმრა.
კახა ლაბუჩიძემ ადგილზე დაათვალიერა სახელოსნო, სადაც ოსტატის მიერ წარმოდგენილი იყო უნიკალური ხალხური ტრადიციული საკრავები, რომლებსაც ავტორი უკვე წლებია საკუთარი ხელით ამზადებს.
როგორც ფატიმა თურმანიძემ განაცხადა, მისი ხელით შექმნილი ინსტრუმენტებით ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსები დიდად არიან დაინტერესებულნი.
„მერიის მხარდაჭერით მიღებული დაფინანსება ფატიმა თურმანიძეს შესაძლებლობას მისცემს, გააფართოოს სახელოსნო, შეიძინოს საჭირო მასალა და განახორციელოს ის ახალი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძემ ხელოვანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ქართული ტრადიციული ხელოვნების მიმართ მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.