თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ 2023-2024 საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 13 სხდომა გაიმართა, სადაც 20 საკითხი განიხილეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, წარმოადგინა პრეზენტაცია, მან კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების, ისნის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და ჩართულობით განხორციელდა.
კახა ლაბუჩიძემ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობას. მის ფარგლებში ხორციელდება, ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური ელემენტების შეტანას ხელოვნების სფეროს სხვადასხვა დარგში, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას დედაქალაქის კულტურულ სივრცეში და მათ ჩართულობას კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის" ფარგლებში დაფინანსდა 300-მდე პროექტი, მათ შორის 140-მდე საგამომცემლო პროექტის ელექტრონული ვერსიის მომზადება/ბეჭდვა; 50-მდე დიზაინისა და რეწვის მიმართულების პროექტი; 60-მდე თანამედროვე აუდიოვიზუალური და ვიზუალური მიმართულების პროექტი; 50-მდე პროექტი მედია ხელოვნების მიმართულებით.
კახა ლაბუჩიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, კერძოდ: ზღვისუბანში, თემქის დასახლებაში მედიათეკის სივრცისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა; თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლის" სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში შემავალი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კახა ლაბუჩიძის თქმით, განათლების და კულტურის კომისიამ საანგარიშო პერიოდში მიხეილ ქორიძის, ლევან კბილაშვილის, დევი აბაშიძის, ბერი გაბრიელ აღმსარებლის, რეზო ამაშუკელის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფების განთავსების საკითხზე იმსჯელა.
კახა ლაბუჩიძემ ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 188 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომლებში დასაქმებულთა რაოდენობაა 11 800-ა. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო სერვისებით სარგებლობს 62 000 აღსაზრდელი. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ბაღების განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში, მასშტაბური სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა თბილისის რვა საბავშვო ბაღში. პროექტის მიზანია ყველა ძველი და ახალაშენებული საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მომსახურების თანაბარი პირობების შექმნა. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დაინერგა სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით 156 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები; სამზარეულოები და სამეურნეო დანიშნულების ოთახები/სათავსოები აღიჭურვა ახალი ტექნიკით და ინვენტარით.
დღესვე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანია თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების მოტივაცია, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; მისი თქმით, წელს ფესტივალი მესამედ და მასშტაბურად გაიმართა.
ანგარიშის წარდგენას ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.