12 ივნისი 2025
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან კახა აბულაძესთან, პარლამენტის ისნის რაიონის დელეგატ ნიკა ელისაშვილთან და ისნის რაიონის გამგებელთან დავით ხაბეიშვილთან ერთად, დედაქალაქის ახლადრეაბილიტირებული N215 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
„ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ბაღი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. ამდენად, საბავშვო ბაღების განახლება, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კვლავ გაგრძელდება" - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
N215 ბაღი "ბაღების განახლების პროგრამის" ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შედეგად, N215 ბაღში სრულად განახლდა შიდა ინტერიერი და ექსტერიერი - მოწესრიგდა ბაღის ეზო. გზის საფარი ბაღის ტერიტორიაზე ისნის რაიონის გამგეობამ დააგო.
კახა ლაბუჩიძე, სტუმრებთან ერთად, ასევე, N215 ბაგა-ბაღში გამართულ ზეიმს დაესწრო.
N215 ბაღი 12 ჯგუფიანია და ამჟამად 450 აღსაზრდელს ემსახურება.