თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო პროექტ „სამართლის კარის“ ორგანიზატორებს უმასპინძლეს.
საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებთან წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
„შეხვედრის მიზანი მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდაა მუნიციპალიტეტის საქმიანობის თაობაზე, თვითმმართველობის ინსტიტუციის როლსა და დანიშნულებაზე ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების მიწოდების მიმართულებით“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს, ღონისძიების დასასრულს კი იმ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა, რომელთაც გაიმარჯვეს საგანმანათლებლო პროექტის, „სამართლის კარის“, ფარგლებში განხორციელებულ კონკურსში თემაზე „როგორ ვხედავ ჩემი ქვეყნის მომავალს“.
საგანმანათლებლო პროექტს „სამართლის კარი“ ბესიკ ქარცივაძის იურიდიული ოფისი ახორციელებს.