18 ნოემბერი 2025 თბილისში, პუშკინის №13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა. მემორიალური დაფა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი და ერევნის ერვანდ ქოჩარის მუზეუმის დირექტორი, ერვანდ ქოჩარის შვილიშვილი კარინე ქოჩარი ესრწებოდნენ.
ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს თხოვნის საფუძველზე მიმართა.
სომხეთის სახელმწიფო პრემიის მფლობელი, ფერწერული ტილოების, ქანდაკებისა და წიგნების ილუსტრაციების ავტორი ერვანდ ქოჩარი წლების მანძილზე თბილისში, პუშკინის №13-ში ცხოვრობდა. თავის შემოქმედებაში იგი ყოველთვის დიდი სითბოთი ხაზს უსვამდა ურყევ კავშირს თბილისთან და ქართველ ხალხთან. ერევნის ერვანდ ქოჩარის სახლ-მუზეუმში დღემდე ინახება მის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის ქანდაკება და პირადი მიმოწერები ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან და სხვებთან.