თბილისის საკრებულოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია საგანმანათლებლო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გულისხმობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
თბილისის საკრებულოში გაფორმებული მემორანდუმით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საკრებულოს თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ კურსებს შეიმუშავებს; ელექტრონული სახით მიაწოდებს საკრებულოს მის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს; მიაწოდებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის თემების შესახებ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და საჯარო ლექციებზე.
თბილისის საკრებულო კი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებს. პრაქტიკაზე გასაგზავნი სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ყოველ სემესტრში 5 სტუდენტით განისაზღვრება. საკრებულო უნივერსიტეტს მიაწოდებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო კვლევებისა და სამეცნიერო მიმართულებების შესახებაც.
მემორანდუმი გაფორმებიდან ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.