02 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენას დაესწრნენ. კონცეფცია საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინეს.
გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ 8 ძირითად გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა. დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს. კონცეფციის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემის უმთავრესი გამოწვევებია - საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი; სასწავლო რესურსები; სასკოლო ცხოვრება; კავშირი განათლების საფეხურებს შორის; მასწავლებელთა კვალიფიკაცია; სასწავლო გარემო; სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა და მართვისა და დაფინანსების სისტემა.
გივი მიქანაძემ სკოლის მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმის შემუშავება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ სკოლის სათანადოდ განვითარების პროცესში გადამწყვეტი როლი მიენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამასთან, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება მშობელთა ჩართულობაზე.
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრნენ.