24 ივლისი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განათლებისა და კულტურის კომისიაში წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე ვახტანგ ბალავაძის და ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხი განიხილეს.
ვახტანგ ბალავაძე თბილისში, ნინო რამიშვილის N2-ში, ცხოვრობდა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ორგზის ჩემპიონი (1954, 1957), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1959). 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე, „ღირსების ორდენის" და ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენის ლაურეატი.ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA-ს ოქროს ორდენით ხალხთა მეგობრობის ორდენით საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით. საკითხი განსახილველად კომისიის წევრებს თამარ ბალავაძემ წარუდგინა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს კავსაძის N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საქართველოს დამსახურებული მხატვრის ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის მემორიალური დაფის განთავსებას ეხებოდა.
ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძე საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რომელსაც შექმნილი აქვს პეიზაჟურ-ფერწერული ტილოები - სვანეთის, ბორჯომის ხეობის, კახეთის, ქუთაისის, ყაზბეგის სერიები; დაღესტნისა და ბალტიისპირეთის პეიზაჟები. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: "შემოდგომა", "წისქვილთან", "ყაზბეგ", "მეგრული სამზადი სახლი", "ზამთარი", "ძველი ქუთაისი". ფერმწერი, პეიზაჟისტი. კომისიის წევრებს საკითხი თბილისის საპატიო მოქალაქემ ნუგზარ უბერმა წარუდგინა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის N53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილომა წარმოადგინა.
სხდომაზე აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ცვლილების მიზანია საგამონაკლისო წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის, რომლის პატივსაცემადაც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში უკვე არსებობს შესაბამისი კომპოზიცია, კომისიას საკითხი განსახილველად შეიძლება წარედგინოს თუ იგი თბილისის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცემა .
დღესვე, მაკა ნასრაშვილმა, კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „საჯარო ხელოვნების ხელშეწყობა" განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, წესის მოქმედი რედაქციით, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შეზღუდული აქვთ მოქმედების სფერო, ვინაიდან, კონკურსი ცხადდება არასამეწარმეო იურიდიული პირის „საჯარო ხელოვნების ფონდის" დირექტორის ბრძანებით, რომლითაც განსაზღვრულია პროექტის ძირითადი პარამეტრები - ლოკაცია, ბიუჯეტი და განხორციელების ვადები. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს არ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ინიციატივით წარადგინონ პროექტები მათთვის რელევანტურ ლოკაციაზე, მათ მიერ განსაზღვრული ბიუჯეტით და ვადით.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი ფონდი წესის განხორციელებას უზრუნველყოფს, როგორც კონკურსის ასევე საპროექტო განაცხადის განხილვის გზით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების პროექტებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ხოლო, ვახტანგ ბალავაძისა და ლეპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხებთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციები გასცეს, რომელიც განსახილველად თბილისის მერიაში არსებულ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ზურაბ ბაქრაძე.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025