თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის „ბიუჯეტის პროექტის შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 826 308,6 ათასი ლარით, რაც 2023 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 62 953,9 ათასი ლარით, ხოლო განათლებისა და კულტურის მიმართულებით, ბიუჯეტი წარმოდგენილია შემდეგნაირად: განათლება - 261 539,9 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 32 444,0 ათასი ლარი.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დედაქალაქის საბიუჯეტო პოლიტიკისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში მობილიზებულია შესაბამისი ასიგნებები, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.
კომისიამ ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება მუზეუმების, ბიბლიოთეკების და ხელოვნების სკოლების სამშენებლო-სარემონტო და მოდერნიზების პროცესის გაგრძელებას, მათი ფუნქციონირებისა და საქმიანობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლასა და დაცვას.
განათლებისა და კულტურის კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი დაუბრუნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, წარდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.