თბილისის საკრებულოში სამი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო, სარევიზიო და ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც დავით უთმელიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 2018 წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და 2019 წლის 1 იანვრისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების გათვალისწინებით ხორციელდება. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 72 650,3 ათასი ლარით და შეადგენს 1 000 281,8 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის შემოსულობების ზრდისა და ნაშთის გამოყენების გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორისაა: გზების მშენებლობა და აღდგენა, საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, შემოქმედებითი თბილისი, ასევე კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძიებები. იზრდება სპორტული ღონისძიებების ასიგნებებიც.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, ქონების მართვისა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.