თბილისის საკრებულოში 3 კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ასევე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, დეპუტატებმა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარიას დანიშვნაზე თანხმობა განაცხადეს.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები უკვე წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.