თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დეპუტატებმა კომისიის ერთ-ერთი წევრის - ლევან ხაბეიშვილის სატელევიზიო განცხადების შესახებ იმსჯელეს, რომელიც მთაწმინდის რაიონში, ხოშტარიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებსა და მასზე მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხრიდან შესაბამისი რეაგირების საკითხებს ეხებოდა.
მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ, კომისიის წევრს განუმარტა, რომ აღნიშნულ ვითარებაში გამგეობის მხრიდან რეაგირიება იყო აბსოლუტურად კანონიერი და ადეკვატური.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის N16 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის, 1 იანვრიდან - 2017 წლის, 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს ,,თბილისის ზოოლოგიური პარკის“ მიერ 2016 წლის, 1 სექტემბრიდან - 2017 წლის, 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნების შესახებაც, რომელიც კომისიის სამდივნოს შემმოწმებელთა ჯგუფების ხელმძღვანელებმა წარადგინეს.
სხდომას თბილისის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, N16 ბაგა-ბაღის დირექტორი და ,,თბილისის ზოოლოგიური პარკის“ ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ.
სარევიზიო კომისიის სხდომის დასასრულს, კომისიამ სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა.