თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ გააცნო.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ 2016 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა“ და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნა მოისმინეს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, კომისიაზე წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
,,სამივე ორგანიზაციის მისამართით კომისიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა. ზოგან ტექნიკური თუ სისტემური ხასიათის გადაცდომები დაფიქსირდა. შესაბამისად, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რომელიც სამომავლოდ აღნიშნულ ხარვეზებს გამოასწორებს. რეკომენდაციების შესრულების მხრივ კომისია მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებს“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე შემუშავებულ რეკომენდაციებს კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.