თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
დეპუტატებმა ასევე დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 ივნისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა ა(ა)იპ თბილისის №158-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე სხდომაზე კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მერიის საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც მასსა და ირაკლი ზარქუას შორის შელაპარაკება მოყვა.
როგორც სხდომის დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ აღნიშნა, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
,,სამივე ორგანიზაციის მისამართით კომისიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, რომელიც სამომავლოდ აღნიშნულ ხარვეზებს გამოასწორებს. რეკომენდაციების შესრულების მხრივ კომისია მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე შემუშავებულ რეკომენდაციებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.