თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიების წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა, რომელიც დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების, რაიონული გამგეობებისა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, საკანონმდებლო მოთხოვნათა გათვალისწინებით მომზადდა.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების დასმულ შეკითხვებს შესაბამისი სამსახურების უფროსებმა და გამგებლებმა დეტალურად უპასუხეს.
სხდომის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ, საკრებულოს წევრებს საკითხთან დაკავშირებული დადებითი დასკვნები გააცნო, რის შემდეგ, კომისიის წევრებმა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის“ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ - კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით - თანხმობა მისცეს.
სხდომაზე ასევე დადებითად შეფასდა თბილისში, ბოჭორმის ქ. #23-ში და დელისის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწოფო საკუთრებაში გადაცემის საკითხი.