თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა ააიპ ,,მუზეუმების გაერთიანების’’ მიერ დაარსების დღიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიის წევრებმა მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის ნინო სანადირაძის საქმიანობა, ძირითადად, დადებითად შეაფასეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ დეპუტატებს საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო და განაცხადა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სარევიზიო კომისიის 2020 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს. პროცედურის შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს გადაეგზავნება. აღნიშნულ ფაქტს კი წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს.