თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმის თანახმად ჩატარებული, სარევიზიო შემოწმების მასალები.
კომისიის სხდომაზე სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“-ს, შპს „ავტოსერვისი-16“-ისა და ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“-ის სარევიზიო შემოწმების მასალების თაობაზე წინასწარი განხილვა მოხდა.
ამავე კომისიამ მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-სა და შპს „თბილისის პარკები“ - ს სარევიზიო შემოწმების მასალებთან დაკავშირებით იმსჯელა.
სხდომა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ცალკეული თემების შესწავლით გაგრძელდა.
საკრებულოს წევრების მიერ დეტალურად მოხდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგისაა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების კანონიერებისა და შესრულების მდგომარეობის შესწავლა-ანალიზის მასალების განხილვა, რომელიც ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცე“-ს თავმჯდომარის ანა გაბრიაძის განცხადების საფუძველზე ჩატარდა.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, სადაც თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული საკვები პროდუქტი იყო ვადაგასული და უვარგისი გამოყენებისთვის. სარევიზიო კომისიის მიერ საკითხის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ჰუმანიტარული პროდუქციის ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება 2016 წლის აპრილიდან - 2018 წლის ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პროდუქტი ვარგისია მოხმარებისათვის. აქედან გამომდინარე, ტელევიზიით გასული სიუჟეტი, „თითქოსდა ჰუმანიტარული პროდუქტი იყო ვადაგასული“ სიმართლეს არ შეესაბამება.