დღეს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც განცხადებებით დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე საკითხი დააყენა და სარევიზიო კომისიას ამ საკითხების შესწავლისკენ მოუწოდა. მან ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, მეტროპოლიტენის კაბელების რეაბილიტაციასა და დედაქალაქში მიწების შემოტანაზე ისაუბრა. ამ საკითხებზე ოპოზიციის წარმომადგენელს უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ზარქუამ და რევაზ სოხაძემ უპასუხეს. მათ სამივე საკითხზე დეტალურად ისაუბრეს და ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდეს, საკითხის დაყენებამდე, შესაბამისი კომისიების წევრებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაცია გაიაროს. ამის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა და კომისიის წევრები დღის წესრიგს დაუბრუნდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი - დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 2017 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები იყო, რომელიც სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ ტაბატაძემ წარადგინა. მან სხვადასხვა განყოფილებების მუშაობაზე, სოციალური და თანადაფინანსებული პროგრამების განხორციელებაზე დეტალურად ისაუბრა. მთლიანობაში, სარევიზიო ჯგუფმა განსახილველ პერიოდში დიდუბის გამგეობის მუშაობა დადებითად შეაფასა. საკუთარი მოსაზრება გამოთქვა დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.
კომისიის წევრებმა გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს და შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს.