თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიისა და განათლებისა და კულტურის კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 2020 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მან ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. გაიოზ თალაკვაძის თქმით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 20 მილიონი ლარით განისაზღვრა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა: ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს განვითარება, მათ შორის, სკოლამდელი, სახელოვნებო და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მოდერნიზება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია და ორი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა. ასევე, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც, კომისიებმა კენჭი უყარეს რეკომენდაციებს, რომელებსაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის განხილულ პროექტთან მიმართებით წარადგენენ.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მისი მოადგილე მაკა ნასრაშვილი ასევე, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდნენ.