თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
როგორც სერგო ბირკაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება.
მანვე დეპუტატებს მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონული გამგეობების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ კი განმარტა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც რანგებისა და შესაბამისი კატეგორიების მიხედვით ხელფასების განსაზღვრას ითვალისწინებს.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საქალაქო სამსახურების ფუნქციურ სიახლეებზე და შესაბამისი სამსახურების დებულებებში განსახორციელებელ ცვლილებებზეც ისაუბრა.
მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების გარდა, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებზეც იმსჯელეს.
ორი კომისიის წევრებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აღნიშნული საკითხების გატანას მხარი დაუჭირეს.