19 დეკემბერი 2025
თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიების თავმჯდომარეები ნინო ვარდოსანიძე და კახა ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 353 808, 4 ათას ლარს შეადგენს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ქეთი კანდელაკიშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის - ნარჩენების მართვის გეგმისა და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარადგინა.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ განკარგულების პროექტი წარადგინა.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხები წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოსკოვის გამზირზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში შპს „მეტი დეველოპმენტის" და მასთან აფილირებული კომპანიების დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.