თბილისის საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, განათლებისა და კულტურისა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. თალაკვაძის თქმით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 12 მლნ ლარით იზრდება და განისაზღვრება 1 მლრდ 075 მლნ 101, 8 ათასი ლარით.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებაც იმსჯელეს.
წარმოდგენილ საკითხებს კომისიების წევრებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომა, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
კომისიის წევრებმა მოქალაქეებისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა-დაკანონების და დედაქალაქში მდებარე სხვა და სხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების, პირდაპირი განკარგვის ფორმით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხები საკრებულოს წევრებს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო კვეტენაძემ წარუდგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.