დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ თბილისის მოსახლეობას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
საკრებულოს წევრი მოქალაქეების წინაშე ანგარიშით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში პრეზენტაციის სახით წარსდგა და საკრებულოს სხდომებში, კომისიებსა და ფრაქციაში მონაწილეობის, ასევე განხორციელებული პროექტებისა და სხვადასხვა ინიცირებული საკითხების თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც ნუგზარ მალაღურაძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში მან დედაქალაქის საკრებულოს 19 , ბიუროს 13 და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 16 სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკრებულოს 75 დადგენილება და 341 განკარგულება იქნა მიღებული.
ნუგზარ მალაღურაძემ ანგარიშის წარდგენისას სარევიზიო კომისიის მუშაობაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩატარებულ 11 სხდომაზე კოლეგებთან ერთად 61 საკითხი განიხილა.
მისივე განმარტებით, სარევიზიო კომისია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების საბიუჯეტო თანხებისა და მიღებული შემოსავლების ხარჯვის კანონიერებასა და მიზნობრიობას ამოწმებს.
ნუგზარ მალაღურაძის განმარტებით, 2016 წელს კომისიის სამუშაო გეგმის თანახმად, სარევიზიო შემოწმება 21 ორგანიზაციაში ჩატარდა, ხოლო ამ ეტაპზე, 4 ორგანიზაცია შემოწმების პროცესშია.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში შემოწმებული ორგანიზაციების შემოწმება-ანალიზის დასკვნების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ამ დროისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურშია გადაგზავნილი, ხოლო უფლებამოსილების ფარგლებში, კომისიასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ოთხი შემოწმება-ანალიზის დასკვნა შესაბამის მასალებთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
კერძოდ:
1. მოქალაქის განცხადების საფუძველზე შესწავლილი ჩატარებული ტენდერის კანონიერება;
2. სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“- ს საქმიანობის მასალები;
3. ააიპ “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი“-ს საქმიანობის მასალები;
4. ააიპ ,,საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“-ის საქმიანობის მასალები.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ასევე მონაწილეობდა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიერ გამართულ 9 სხდომაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მიერ გამოცხადებულ და ჩატარებულ მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.
მისივე ინფორმაციით, იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრია, რომლის საანგარიშო პერიოდშიც ჩატარებულ საბჭოს 38 სხდომზე განხილული 1606 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 987 საკითხი.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ასევე მონაწილეობა მიიღო სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“-ში შექმნილ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ კომისიაში, სადაც კომისიის მიერ ჩატარებული 4 სხდომაზე კომისიის წევრებმა 36 საკითხი განიხილეს.
ანგარიშის წარდგენისას, ნუგზარ მალაღურაძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია 2016 წლის 6 აპრილს შეიქმნა და მან 51 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
ნუგზარ მალაღურაძემ დღესვე მოსახლეობას, როგორც უწყებათაშორისი კომისიის წევრმა ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებული ტენდერის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მისი როგორც აღნიშნული კომისიის წევრის ჩართულობით, მოხდა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა, რის შედეგადაც ხელშეკრულება 143 ერთეული ავტობუსის მოწოდებაზე გაფორმდა.
,,დღეის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში ექსპლუატაციაში შესულია 10 ერთეული ავტობუსი, რითაც მოხდა არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლება. დარჩენილი რაოდენობის მოწოდება ხელშეკრულების თანახმად, ხორციელდება ეტაპობრივად, რომელიც დასრულდება 2017 წლის მარტის თვემდე“,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით 2016 წლის პირველ კვარტალში მომზადდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“ პროექტი, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 18 მარტს დაამტკიცა.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე წერილების, წინადადებების, ასევე საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების მიზნით 97 მოქალაქეს შეხვდა და კომპეტენციის ფარგლებში, მათ შესაბამისი დახმარება გაუწია.
საკრებულოს წევრმა და ამავე დროს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ უფლებამოსილების ფარგლებში ასევე განახორციელა 94 (სარეკომენდაციო) მიმოწერა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
სარევიზიო კომისიის მუშაობის ანგარიშის კითხვა - პასუხის რეჟიმის ფორმატში გაგრძელდა, სადაც ნუგზარ მალაღურაძემ მოსახლეობის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.