თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ გადაცემაში “იმედის კვირა” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც გზების ინფრასტრუქტურულ მოწყობას შეეხებოდა, ბრიფინგი გამართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სარევიზიო კომისიის მიერ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების შედეგად საკითხი დეტალურად იქნა შესწავლილი.
ნუგზარ მალაღურაძის ინფორმაციით, დოესის, გახოკიძის და გოგებაშვილის ქუჩებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა და სამუშაოები პირდაპირი შესყიდვის გზით არ ჩატარებულა, როგორც ეს გადაცემაში იყო აღნიშნული.
,,დოესის ქუჩაზე უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და მასზე კანონით გათვალისწინებული სანქციები გატარდა. აღნიშნულ მისამართზე კი ტენდერი თავიდან გამოცხადდა.
რაც შეეხება გახოკიძის ქუჩაზე ჩატარებული საგზაო სამუშაოებს, რომელიც ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურისათვის საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების განახლებასთან იყო დაკავშირებული, ავტომატურად გზის საფარის გამოცვლასაც გულისხმობს და გზის საფარის ფორსმაჟორულ რეჟიმში ჩასატარებელ სამუშაოებთან არავითარ კავშირში არ არის’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
ბრიფინგზე დეპუტატი ჩატარებული სამუშაოების ხარისხის კონტროლსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიამ მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში 1 მილიონი ლარის სამუშაოები წუნდებულად ცნო, რითაც ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად დაიზოგა.
კომისიის თავმჯდომარემ დღესვე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 150 მილიონი ლარის გზების რეაბილიტაციაზე გახარჯულ თანხებზე ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაფორმებული ხელშეკრულებები 2014 წლის 1 აგვისტოდან 2015 წლის 20 ივლისამდე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 23 მილიონი ლარს შეადგენს. (აქ შედის სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები).
,,გორგასლის ქუჩაზე გზის ჩამონგრეულ ნაწილთან დაკავშირებით კი ობიექტური გარემოებები არსებობს. მიმდებარე ტერიტორიის კერძო მესაკუთრეები კომპანიას სამუშაოს დაწყების საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმაც გააკეთა’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ და აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიის მოკვლევის მასალები ტელეკომპანიის ,,იმედი’’ ხელმძღვანელობას დღესვე გადაეგზავნება.