თბილისის საკრებულოს წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ, საზოგადოებას საკრებულოში მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაცია კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრმა წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, კრწანისის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების თაობაზე ისაუბრა.
საანგარიშო პერიოდში, როგორც საკრებულოს წევრმა მონაწილეობა მიიღო თბილისის საკრებულოს ბიუროს 16 და საკრებულოს 11 სხდომის სამუშაო პროცესში, სადაც 112 დადგენილებისა და 634 განკარგულების მიღებას დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება ლევან ჯაფარიძის, როგორც გარემოს დაცვის კომისიის წევრის საქმიანობას, მან აღნიშნული კომისიის სხდომებზე განსახილველი 65 საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
ის ასევე, როგორც საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლი, ფრაქციის- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 13 სხდომას დაესწრო, სადაც 30 საკითხის საკითხი განიხილეს.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, სარევიზიო კომისიამ საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად, წლის დასაწყისში დაამტკიცა 2024 წლის სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმა, რომელიც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ების, ააიპ-ების და შპს-ების შემოწმებას შერჩევითი მეთოდით.
შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, შემოწმებულ ორგანიზაციებს კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მიეცათ რეკომენდაციები.
ამასთან, შემოწმება-ანალიზის დასკვნები, კომისიის გადაწყვეტილებით, გადაგზავნილ იქნა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების, გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში.
მისივე თქმით, სამაჟორიტარო ოლქში საანგარიშო პერიოდში კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა, რამაც მათი საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესა.
პროგრამის ფარგლებში გამაგრდა ავარიული სახლები, საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა და რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და ეზოები.
ასევე მიმდინარე პროექტებია თაბორის მთის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის და საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, ფონიჭალაში, სვანების დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობა.
საანგარიშო პერიოდში ლევან ჯაფარიძემ მოქალაქეთა მიღებაზე 700-მდე მოქალაქეს თბილისის საკრებულოსა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარის ბიუროში მოუსმინა და შესაბამისი კონსულტაცია (დახმარება) გაუწია.
მისივე განცხადებით, კრწანისის რაიონში სამომავლოდ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
ანგარიშის წარდგენა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დასმულ შეკითხვებს ლევან ჯაფარიძემ ამომწურავი პასუხები გასცა.