თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ მოხსენება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ,ლევან მიქავამ წარადგინეს.
როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ აღნიშნა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 020 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა და მასში თბილისის მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
,,მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტო ოდენობისაა. მსგავსი მაჩვენებელი თბილისის ისტორიაში არასდროს ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯანდაცვა, განათლება და კულტურა - ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 წელი ნებისმიერი მიმართულებით მუშაობისას ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და შესასრულებელი პროექტების დროში სიზუსტით გაწერასაც გულისხმობს“ -განაცხადა რიმა ბერაძემ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, მისთვის, როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მუხლში 17 მილიონიანი ზრდაც, რაც შენობების კეთილმოწყობის მეტ შესაძლებლობას გააჩენს.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანას კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.