18 სექტემბერი 2025
დღეს თბილისის საკრებულოში „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის" მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. თავშესაფრის ბენეფიციარებმა დამთვალიერებლებს მათ მიერ არტთერაპიის ფარგლებში შესრულებული ნახატები და ხელნაკეთი ნივთები წარუდგინეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, საკრებულოს წევრები და თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარები დაესწრნენ.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, ბენეფიციარებს წარმოდგენილი ნამუშევრებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის საკრებულო დღეს ასეთ შესანიშნავ გამოფენას მასპინძლობს. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ფართო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ განვაგრძობთ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის" ბენეფიციართა მხარდაჭერას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთი გამოფენის მასპინძლები ვიქნებით", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები თვითნასწავლი ხელოვანები არიან და სასიხარულოა, რომ მათ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.
„თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში" ბენეფიციართა უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობასთან ერთად ხორციელდება არტთერაპია, რომლის მუშაობის ფორმატი მორგებულია ჯგუფის წევრების საჭიროებებს და მათზე ჯანსაღ თერაპიულ ზეგავლენას ახდენს, ეხმარება თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებასა და სოციალური უნარების გაუმჯობესებაში. თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები ეუფლებიან ბისერებით ქსოვის ხელოვნებას, ქარგვას, კერვას, თიხისგან სხვადასხვა ნაკეთობის შექმნას.