მსოფლიოში დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს წევრები ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავს“ ესტუმრნენ.
ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ და ნეიროგანვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ბაზღაძემ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და იმ სერვისებზე, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თავის მხრივ, ცენტრის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ისაუბრა. მისი თქმით, დღეს თბილისში აუტიზმის მიმართულებით 10 ცენტრი ფუნქციონირებს, რომელთა მიზანიც მოზარდების თერაპიული მომსახურებაა. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა ხელშეწყობაა.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ახალგახსნილ ნეიროგანვითარების ცენტრში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღჭურვილი და დაახლოებით 200 ბენეფიციარს ემსახურება. ქალაქის მასშტაბით თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამაში 2 ათასზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. ჩვენთვის მათი ხელშეწყობა და ადაპტაცია მთავარი პრიორიტეტია. ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც მნიშვნელოვანია. თბილისის მუნიციპალიტეტი მსგავს პროგრამებს წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის შესახებ საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემაც, ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამა ბავშვების მოთხოვნებზე სრულადაა მორგებული.
„კარავი“ ერთ-ერთი გამორჩეული ნეიროგანვითარების ცენტრია, სადაც ჩვენი პატარები შესაბამის თერაპიულ გაკვეთილებს იღებენ. „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტმა დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს და ბენეფიციარები მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს იღებენ. რასაკვირველია, ეს პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2007 წლიდან აღინიშნება. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების დონის გაზრდაა.