09 სექტემბერი 2022
თბილისის საკრებულოში გამართულ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა, ახალი ქვეპროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„თბილისის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით მნიშვნელოვანი ქვეპროგრამის განხორციელება იგეგმება, რომელიც სხვადასხვა პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს სათანადო საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის. მსგავსი ქვეპროგრამები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას ემსახურება“, - განაცხადა კომისიის სხდომის დასაწყისში ზურაბ ჩიკვილაძემ.
„ალკოჰოლური თრობის ან სხვა პრობლემების მქონე პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ახალი ქვეპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიაწოდა.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტი ბენეფიციართა ჰოსპისში განთავსებას, საჭიროების შემთხვევაში მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას, კვებას, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებით, სანიტარულ მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სტრუქტურაში გადამისამართებას უზრუნველყოფს.