თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, ავჭალის რაიონის სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
საკრებულოს დეპუტატმა მოსწავლეებთან შეხვედრა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტრენინგ-ცენტრში გამართა და მასში მონაწილეობა ავჭალის რაიონის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალგაზრდებს პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს.
ტრენინგს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ესწრებოდნენ.
გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგები, გლდანის შემდეგ, თბილისის სხვა რაიონების სკოლებში გაგრძელდება.