დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა.
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილების თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარმოუდგინა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მიუხედავად წესში მოცემული სქემების მსოფლიოში აღიარებული დირექტივებისა და პროტოკოლებთან შესაბამისობისა, დოკუმენტში საქართველოს რეალობიდან გამომდინარე საჭირო, პოპულაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეჯგუფი იყო გამორჩენილი, რომელთა დაფინანსებაც აღნიშნული წესის ფარგლებში ვერ ხერხდებოდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირების მაქსიმალურად მოცვას გულისხმობს და ზემოთ ნახსენები ცვლილების განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
კომისიის წევრებმა განხილვის შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს მხარი დაუჭირეს.