12 თებერვალი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა დეპუტატებს საბჭოს აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურად რატი იონათამიშვილი წარმოუდგინა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს საბჭოს სტრუქტურა, სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერი უხელმძღვანელებს, ხოლო მისი შემადგენლობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელით და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების 11 წარმომადგენელით იქნება დაკომპლექტებული.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, საბჭოს შექმნის იდეა თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ნარმანიას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა.
კომისიის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საბჭოს შექმნის იდეა მოიწონეს.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კომისიის სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამომავლო თანამშომლობის მზადყოფნა გამოთქვა.