დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ქვეპროგრამა დეპუტატებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ამავე სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ვერძაძემ გააცნეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ქვეპროგრამა საპილოტეა და ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქიატრიულ კრიზისული ხანმოკლე (8 კვირამდე) ინტერვენციას გულისხმობს.
აღნიშნული მომსახურება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირების უწყვეტ მეთვალყურეობასა და სპეციალიზირებული კრიზისული ინტერვენციის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ აქტიურ (ასერტულ) ფსიქიატრიულ მკურნალობას ითვალისწინებს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ქვეპროგრამის მოსარგებლეებსა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობაზე, მისი განხორცილების მექანიზმებზე, ქვეპროგრამის მიმდინარეობისას მისი შემოწმებისა და შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების საშუალებებზე, ასევე დაფინანსების მეთოდოლოგიასა და წესსზე დეტალურად ისაუბრეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.